Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

33 წლის პაატა პავლიაშვილი პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. რა მოხდა ნუცუბიძის ფერდობზე?

25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების ბრალეულობა გამორიცხა

იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძახების ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს, რის შემდეგაც მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. მანამდე, ფაქტს სოციალურ ქსელში უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა, კაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და მის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხა.

გარდაცვლილი 33 წლის პაატა პავლიაშვილია

გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ასევე, ჰყავს დედა. არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე წლის წინ ძმა დაეღუპა.

საქმის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

გამომძიებელმა ვაჟა გამეზარდაშვილმა, რომელიც ინდიდენტის ადგილზე მივიდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ ჩანს და აღნიშნა, რომ მომხდარს პროკურატურა გამოიძიებს, რადგან ინციდენტთან შეხება პოლიციელებსაც ჰქონდათ. იმ დღესვე სამართალდამცველები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

თვითმხილველები ინციდენტზე 2 სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან

მომხდარიდან მალევე  შსს-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც 2 თვითმხილველი ინციდენტის შესახებ ჰყვება. ერთი ნოდარ შანიძეა, რომელმაც მეზობელთან კონფლიქტის გამო პატრული გამოიძახა და მეორე - მისი ქალიშვილი. ორივე ამბობს, რომ გარდაცვლილი “მთვრალი იყო” და იგინებოდა. ნოდარ ხარშილაძის თქმით, პავლიაშვილი, სავარაუდოდ, იმის გამო გაღიზიანდა, რომ მეზობელი, რომელთან კონფლქტის გამოც მან პატრული გამოძახა, მისი მეგობარი იყო. ხარშილაძე ასევე ამბობს, რომ პავლიაშვილი ხშირად სვამდა და სავარაუდოდ, ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა.

განსხვავებულია სხვა თვითმხილველების ნაამბობი. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაკავების დროს პავლიაშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ შეუძლოდ იყო და ექიმების გამოძახება მოითხოვა, მაგრამ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მას არ უჯერებდნენ, სასწრაფო დახმარების სამსახური არ გამოიძახეს და იმავდროულად, დაკავებულს უხეშად ექცეოდნენ.

პოლიციის შესაძლო გადაცდომას ომბუდსმენი სწავლობს, დაღუპულის ოჯახის ინტერესებს საია დაიცავს

26 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ოფისში განაცხადეს, რომ უწყების აპარატმა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში პოლიციის შესაძლო გადაცდომის შესწავლა დაიწყო.

ამავე დღეს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ოჯახს ადვოკატირება შესთავაზეს, თუმცა თავდაპირველად მათ განაცხადეს, რომ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ. საიაში ამბობენ, რომ ოჯახმა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და მათ დახმარებისთვის მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოჯახს სურს საქმე ბოლომდე გამოძიონ, მათ ასევე პრეტენზია აქვთ სამართალდამცველების მიერ წინასწარ გავრცელებულ დაუსაბუთებელ ვერსიაზე, რომელშიც მინიშნება იყო დაღუპულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - თითქოს ის ფსიქოტროპულ პრეპარატებს იყენებდა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 30 ოქტომბერს პროკურატურას ამ საქმეში ოჯახის დაზარალებულად ცნობის შუამდგომლობით მიმართავს.

მანამდე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ პავლიაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხა, ასევე საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით”.

შსს ამტკიცებს, რომ პატრულმა 112-ში მოქალაქეებზე ადრე დარეკა

26 ოქტომბერს, საღამოს სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ნუცუბიძის ინციდენტის დროს ახალგაზრდა კაცის დასახმარებლად სასწრაფო მოქალაქეებზე ადრე პატრულის თანამშრომელმა გამოიძახა, რომ 112-ში პატრულ -ინსპექტორის შეტყობინება ყველაზე ადრე შევიდა, რასაც 112-დან მიღებული მონაცემები მოწმობს.

მომხდარის გამო რუსთაველზე საპროტესო აქცია გაიმართა

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის გამო 26 ოქტომბერს ღამით, რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი საქმის ეფექტიან გამოძიებას ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა ერთი მოქალაქე დააკავა. 27 ოქტომბერს, დაკავებული სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა.

ინციდენტს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ

27 ოქტომბერს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარა. პარტიას ეჭვი აქვს, რომ პატრულის წარმომადგენლებმა ძალას გადაამეტეს. უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ მინისტრის პარლამენტში მისვლა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ოჯახს მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ვითარებაში, სადაც პოლიციაა ჩართული და ბუნებრივია, ეს საქმე იქნება პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ”. მისივე თქმით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქმეს რაც შეიძლება “მალე მოეფინოს ნათელი”.

გარდაცვლილი თბილისიდან რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს

25 ოქტომბერს, პაატა პავლიაშვილი ქალაქ რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩინა, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ წერილობით უპასუხა. უწყებამ განმარტა, რომ რუსთავის განყოფილებაში ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანა იმიტომ გადაწყდა, რომ თბილისის დეპარტამენტში სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა, რაც ბიუროში პერიოდულად ხორციელდება. უწყების თქმით, ამ მიზეზით, ბოლო დროს რუსთავის პროზეტურაში პავლიაშვილამდე სამი გარდაცვლილი შეიყვანეს, პავლიაშვილის შემდეგ კი - კიდევ ორი.

უფლებადამცველებმა ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროება მოითხოვეს

29 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია გამართა და პაატა პავლიაშვილის საქმეზე, პატრულის სამხრე კამერების გადაღებული კადრების გასაჯაროება მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით, შსს-ს წინასწარ გავრცელებულმა ინფორმაციამ გარდაცვლილის რეპუტაცია შელახა და იმავდროულად, ირღვევა პოლიციელების უფლებებიც, რადგან სამინისტრო კონკრეტულ სამართალდამცველებზე ხელის დაფარებით ყველა პოლიციელის და პატრულის მიმართ აგრესიის გაჩენას უწყობს ხელს.

პროკურატურა ამბობს, რომ კადრები არ არსებობს

29 ოქტომბერს, პროკურატურამ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას ინციდენტი და დაკავების პროცესი არ დაუფიქსირებია, არამედ ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის დაკავების შემდგომი პერიოდი; მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა კი განმუხტული იყო და ავტომანქანაში იტენებოდა, რის გამოც მასზეც არ არის ასახული ინციდენტის ვიდეოჩანაწერი. ინციდენტის პერიოდის ვიდოჩანაწერი არ აღმოჩნდა არც ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერაზე, რომელიც ასევე არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც პავლიაშვილი დააკავეს.

შსს: ტყუილია რომ კადრები არ არსებობს

30 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას კადრები მიაწოდეს. "არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს... ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.   

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...