Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რატომ დადის ზოგიერთი ადამიანი ძილში? საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?


ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ძილში დადიან და უჩვეულო რაღაცებს აკეთებენ. მთვარეულს შეუძლია იაროს სახურავზე ან აივნის მოაჯირზე ისე, რომ წონასწორობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ეს ერთი შეხედვით უცნაური მოვლენა ბევრ კითხვის ნიშანს და შესაბამისად, მითს აჩენს. რას ნიშნავს ლუნატიზმი (მეცნიერულად სომნამბულიზმი) და რა იწვევს მას? უნდა გამოვაფხიზლოთ თუ არა მთვარეული?

რა არის ლუნატიზმი? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ძილის მოშლის ამგვარ გამოვლინებას სომნამბულიზმს უწოდებენ. ლუნატიზმი იგივე სომნამბულიზმი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ასეთივე ძველი წარმოდგენებით მთვარეულებს მთვარე იზიდავთ. თუმცა თანამედროვე კვლევების თანახმად, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ფაზებსა და მთვარეულების ქმედებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. შესაძლებელია, მთვარიან ღამეში ისინი უფრო თვალშისაცემი არიან, ვიდრე სიბნელეში და ეს მოსაზრებაც ამიტომ გაჩნდა.

სამედიცინო განმარტებით, სომნამბულიზმი არის უნარი, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია ძილში შეასრულოს ძალიან რთული დავალებები, რაც კოორდინირებული და გაცნობიერებული ქმედებით გამოიხატება, გამოფხიზლების შემდეგ კი ეს ყველაფერი მეხსიერებიდან იშლება. ლუნატიზმი არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მთვარეული შეიძლება იყოს ზრდასრულთა 1% და ბავშვების 6%. ძილის პათოლოგიის სპეციალისტების განმარტებით, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი ძილში რეგულარულად დადის, სულ ცოტა 40%-ს კი მსგავსი ქმედება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუდენია.

რას შვრებიან მთვარეულები?ზოგ მთვარეულს ჰგონია, რომ რაღაც საშიშს გაურბის. სხვა კი მშვიდად და აუღელვებლად ყუთებსა და კარადებში იქექება, თითქოს რაღაცას ეძებს. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მთვარეული, იცის, რომ ეს საკმაოდ უჩვეულო სანახაობაა. აღნიშნული მდგომარეობა მოიცავს როგორც ძილის, ასევე სიფხიზლის ელემენტებს.

ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება, რადგან ამან, შესაძლოა, ის დააზიანოს. ეს მთლად ასე არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მთვარეულისთვის ამ მდგომარეობაში გამოღვიძება სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

როდის და რატომ დადიან მთვარეულები ძილში?ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ერთი რამ ფაქტია, ტვინი ადამიანს სიგნალს აძლევს, რომ ძილში იაროს. თუმცა ისიც კარგად არის ცნობილი, რომ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ძილის რამდენიმე ფაზას გავდივართ. პირველი არის თვლემა, მეორე - ზედაპირული ძილი, მესამე - ზომიერი ძილი, მეოთხე კი - ღრმა ძილი. ბოლო სტადიად ნელი ძილი ითვლება. თითოეული მათგანი რამდენჯერმე მეორდება. დილისთვის კი ყველაზე ხანგრძლივი ზედაპირული ძილია და ადამიანი თავისი სიზმრების დაახლოებით 25%-ს სწორედ ამ დროს ხედავს. სამაგიეროდ, ლუნატიზმი უფრო ხშირი ღრმა ძილის ფაზაშია.
ძილის პათოლოგიის სპეციალისტების განმარტებით, ეს ძალიან საინტერესო და პარადოქსული სიტუაციაა. ამ დროს ტვინი საკმარისად აქტიურია, რათა ადამიანმა მოძრაობა შეძლოს, თუმცა არა იმდენად, რომ გაიღვიძოს.

იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ლუნატიზმისადმი მიდრეკილი ადამიანების ტვინის ტალღური რხევები შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ სანამ ტვინის გარკვეული ნაწილი ფხიზლობდა, მეორე ნაწილი ღრმა ძილს იყო მიცემული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლუნატიზმის მიზეზი ამ ორ მდგომარეობას შორის არსებული დისბალანსია.

როგორ გადაადგილდებიან მთვარეულები და შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარ თავს რამე დაუშავონ?
საუბარი იმაზე, თითქოს მთვარეულები ზომბებივით წინ ხელებგაწვდენილი დადიან, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მათ გაყინული და არაფრისმთქმელი გამომეტყველება ნამდვილად აქვთ. ამავდროულად, მათი ყურადღების მიპყრობაც ძალიან რთულია. ძილში სიარულის დროს ადამიანები, როგორც წესი, შუქს არ ანთებენ და სახლში მეხსიერებაზე დაყრდნობით გადაადგილდებიან. 

არასწორია შეხედულება, თითქოს ძილში სიარულის დროს, ადამიანს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია. ის შეიძლება წაბორძიკდეს ან დაეცეს, მაგრამ თუ უცნობ ადგილზე აღმოჩნდება, მას საფრთხე ნამდვილად ემუქრება. მაგალითად, თუ მთვარეულს გზა აებნა, შეუძლია კარი გააღოს და მოულოდნელად ქუჩაში აღმოჩნდეს.

ბრიტანელ მეცნიერებს ამის დასტურად სხვადასხვა შემთხვევა მოჰყავთ. მაგალითად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ძილის პათოლოგიის კლინიკაში იყო პაციენტი, რომელიც სახლიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და გადაადგილდებოდა ისე, რომ არც კი გაუღვიძია. იყო შემთხვევა, როდესაც მთვარეული პაციენტი სატვირთო ამწის კაბინაში აძვრა (40 მეტრის სიმაღლეზე) და იქ გააგრძელა ძილი. თუმცა ასეთი სიტუაციები იშვიათია. ძირითადად, ადამიანები ახლომახლო ტერიტორიაზე დადიან და როგორც წესი, ბავშვობაშივე უმკლავდებიან ამ მდგომარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკში ეს პრობლემა აღარ აქვთ.

თუ ასეთი რამ ყოველ ღამე განმეორდა, ძილის პათოლოგიის სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, მათი შვილი ძილში სიარულს დაახლოებით რა დროს იწყებს. ამის დაფიქსირების შემდეგ, მშობელმა ბავშვი ამ მომენტის დადგომამდე 15 წუთით ადრე უნდა გააღვიძოს. ხშირად ეს მეთოდი, მთვარეულის „ღამის სეირნობის“ გარკვეული ციკლის შესაწყვეტად, ძალიან ეფექტიანია.

ჩემი ოჯახის წევრი მთვარეულია. რა ვქნა?მთვარეულს ისე ღრმად ძინავს, რომ ის თქვენ ვერ შეგამჩნევთ და რომც ეცადოთ მის გაღვიძებას, ამას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ. თუ მას მაინც გაეღვიძება, შეიძლება ძალიან ძლიერი სტრესი განიცადოს. ეს იგივეა, რომ თქვენმა მაღვიძარამ ღრმა და არა ზედაპირული ძილის ფაზაში დარეკოს.

მიუხედავად ამისა, თუ მთვარეულს გააღვიძებთ, მას არც გულის შეტევა დაემართება და არც კომაში ჩავარდება. თუმცა უფრო ჰუმანური იქნება, თუ კი არ გააღვიძებთ, არამედ საწოლში ფრთხილად დააბრუნებთ, რათა არაფერი დაიზიანოს. ის ძილს გააგრძელებს და მეორე დილით, დიდი ალბათობით, აღარაფერი ემახსოვრება.





©️ - Imedinews.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...