შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ?
ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ნიკაპს ეყრდნობა, ან მოსაუბრეს ყურადღებით უსმენს.
სხვათა შორის, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი საკუთარ თავს (ძირითადად კი სახეს) ხშირად უსიამოვნო სიტუაციებში ეხება. მაგალითად, როდესაც ის შეშფოთებულია ან იძულებულია, ტყუილი თქვას. ეს ხშირად ხდება, თუ ადამიანს გარე ფაქტორები გონებას უფანტავს, ის კი აკეთებს ისეთ რამეს, რაც მისგან კონცენტრაციას მოითხოვს. ამ დროს შეიძლება მოეჩვენოს, რომ რაღაც ექავება, თუმცა, შესაძლოა, ეს შეგრძნება ხანდახან რეალური გამღიზიანებლით (ბუმბული ან თმა) იყოს გამოწვეული.
შეეცადეთ, ასეთი სიტუაციების რაოდენობა შეამციროთ
რა თქმა უნდა, ეს სათქმელად გაცილებით მარტივია, ვიდრე შესასრულებლად. აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი იქნება, თუ სტრესული სიტუაციების რაოდენობას შეამცირებთ ან მათ მიმართ დამოკიდებულებას შეცვლით (რისთვისაც, რა თქმა უნდა, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან).
საბედნიეროდ, ზოგჯერ მაპროვოცირებელი გარემოებები საკმაოდ კონკრეტულია და მათი თავიდან არიდება არც ისე რთულია. მაგალითად, მცირე გამოკვლევით დადგინდა, რომ მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები სახის კანს უფრო ხშირად ეხებიან. ამიტომ უნდა შეეცადოთ, კარგი დამატენიანებელი კრემი გამოიყენოთ, ბევრი წყალი დალიოთ და სხვ. თუ პრობლემას კონტაქტური ლინზა გიქმნით და თვალს გიშრობთ, ამ დროს ხელოვნური ცრემლი უნდა იხმაროთ. თუ პრობლემა იმაშია, რომ თმა მუდმივად თვალზე გეფარებათ, იცით, რაც უნდა გააკეთოთ.
ფსიქოლოგები სახის ხშირი შეხების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, რომ მუდმივად თან იქონიოთ ერთჯერადი ხელსახოცები და ისინი ცხვირის ნესტოზე შეხებისას გამოიყენოთ. სასურველია, სამუშაო ადგილი კომფორტულად მოიწყოთ (რბილი სავარძელი, წელის ბალიში, მოძრავი მაგიდა, რომელთანაც მუშაობას დგომითაც შეძლებთ).
ავარჯიშეთ თქვენი ცნობიერება
თუ ზემოთ ხსენებული მეთოდები არ მუშაობს ან აშკარა მაპროვოცირებელი ფაქტორები არ არსებობს, თქვენ კი სახეზე უკონტროლო შეხებას განაგრძობთ, აქ თქვენი ცნობიერება უნდა ჩართოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება თქვენს ქმედებებზე, გრძნობებსა და აზრებზე უნდა გაამახვილოთ. ამ ყველაფრის მიღწევა კი მედიტაციის გზითაც არის შესაძლებელი. თუმცა არსებობს პატარ-პატარა ეშმაკობები, რომლებიც საკუთარი ქმედებების შეჩერებაში დაგეხმარებათ, თუნდაც ეს იყოს ბოლო მომენტში.
გაიკეთეთ მაკიაჟი
არსებობს გარკვეული მონაცემები და პირადი გამოცდილება, რომელთა მიხედვითაც, მაკიაჟი ადამიანს ეხმარება, სახის არესთან ზედმეტი შეხება თავიდან აირიდოს. ამის მიზეზი კი ფერუმარილის შენარჩუნების სურვილია.
ისარგებლეთ სპეციალური ვებგვერდით
ვებგვერდი სახელწოდებით Do Not Touch Your Face („არ შეეხო შენს სახეს“) თქვენ სპეციალური კამერით გაკვირდებათ. თუ თქვენი ხელები სახისკენ მიიწევს, ის ამის შესახებ ხმამაღლა გაფრთხილებთ.
შეზღუდეთ ხელების მოძრაობა
ფსიქოლოგების თქმით, აუცილებელი და საჭიროა პროცესზე დაკვირვება. New York Times-ის რეკომენდაციით, საჭიროა გამოიყენოთ საპონი და ხელის სურნელოვანი დამატენიანებელი. BuzzFeed კი გირჩევთ, ხელებზე ფერადი ლენტები ან ხელთათმანები გაიკეთოთ, რათა თქვენი ზედა კიდურების მოძრაობის ტრაექტორია უფრო თვალსაჩინო გახდეს.
არ დაიდანაშაულოთ საკუთარი თავი
გაცნობიერებული ქმედება საკუთარი თავის განსჯას სულაც არ გულისხმობს. თუ შეამჩნიეთ, რომ ისევ ქავილის შეგრძნება გაწუხებთ, საკუთარ თავზე გაბრაზება არაფერში გამოგადგებათ. პირიქით, ეს გამოიწვევს დამატებით სტრესს, რომელიც სახის შეხების სურვილს უფრო გაგიმძაფრებთ.
სახეს შეეხეთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ხელებით
სინამდვილეში პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანი სახეს ეხება, არამედ ის, რომ ის ამას ბინძური ხელებით აკეთებს. ამიტომაც თუ თქვენი თავი დაიჭირეთ, რომ სახეზე შეხების სურვილი გაქვთ, სანამ ამას გააკეთებთ, დაიბანეთ ხელი ან ანტისეპტიკური სითხე გამოიყენეთ.
©️ - Imedinews.ge | Photo: Imedinews.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge
Comments
Post a Comment
მადლობა კომენტარისთვის! | TSJ GROUP Tech |