ბ ორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჭირს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან. ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.